შინ ევროპისკენ

მშვენიერაძე: თავისუფალი არჩევნებისთვის მზად დროებითი მთავრობის რეფორმების შემდეგ ვიქნებით

იურისტ გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, აღმასრულებელი ძალაუფლება დათმოს და "გადასცეს არა ოპოზიციას, არამედ იმ ხალხს, რომელსაც შეუძლია ჩვენი საერთო მიზნის, ეროვნული მიზნის შესაბამისად, საქართველო მიიყვანოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობამდე". მშვენიერაძის თქმით, აქციის - შინ ევროპისკენ ორგანიზატორებმა ივანიშვილის ყოფილ და ახლანდელ მხარდამჭერებს უთხრეს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა უნდა გადაწყვიტოს - ირაკლი ღარიბაშვილის სკამი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის თუ ევროკავშირი.

"ძალაუფლების დათმობა გულისხმობს სწორედ ისეთი მთავრობის დაკომპლექტებას, რომელშიც არ იქნებიან არც ქართული ოცნების წარმომადგენლები და არც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. შესაბამისად, ეს მთავრობა აღჭურვილი იქნება დროებითი უფლებამოსილებით, მოამზადოს სამთავრობო პროგრამა, გეგმა, და სწორედ ამ გეგმას გამოუცხადოს ნდობა პარლამენტმა ოპოზიციისა და ივანიშვილის დეპუტატების მონაწილეობით, რომელ გეგმაშიც განსაზღვრული იქნება 12-ვე რეკომენდაციის შესრულება.

შესაბამისად, ეს მთავრობა როცა ამოწურავს საკუთარ უფლებამოსილებებს ანუ საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ცხადია, მას და მის არსებობას ასეთი სახით დაეკარგება აზრიც და ლეგიტიმაციაც და ქვეყანა იქნება მზად, ჩაატაროს ბევრად მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რადგანაც ჩატარებული იქნება ქვეყანაში საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა, რაც ყველა პარტიას სამართლიან არჩევნებში მისცემს საშუალებას, იმდენი მანდატით წარსდგეს პარლამენტში, საზოგადოების რამდენი პროცენტიც მხარს დაუჭერს" - ამბობს მშვენიერაძე მთავარ არხთან.

იურისტის აზრით, "ვადამდელ არჩევნებს ცვლილებების გარეშე თან მოყვება ბევრი პრობლემა". მშვენიერაძის თქმით, "ეს პრობლემები დაკავშირებულია თავად საარჩევნო კოდექსის ბევრ უსამართლო ნორმასთან, საარჩევნო სისტემის უსამართლობასთან, მართლმსაჯულების თემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებთან, როცა სასამართლოები უბრალოდ უარს ამბობენ ცხადი დარღვევების განხილვაზე და ეს შესაძლებელია, გახდეს კიდევ ერთი ახალი დაპირისპირებებისა და ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისში ჩარჩენის საშუალება".

გიორგი მშვენიერაძის თქმით, თუ შინ ევროპისკენ ორგანიზატორების მოთხოვნები 3 ივლისამდე არ შესრულდება, "მაშინ ქართული ოცნება ნახავს ისეთ რამეს, რაც არ უნახავს არასოდეს, ის მიიღებს ქართველი ხალხის რისხვას რუსთაველზე. ბიძინა თუ არ გვთანხმდება ამაზე, ის ყველაფერს დაკარგავს".


24 ივნისს სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებს. მათ მთავრობას ვადა 3 ივლისამდე მისცეს. 

კომენტარები