შინ ევროპისკენ

გიგაური: ვადამდელი არჩევნები პრობლემაა, ჯერ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს

IPN

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარის ეკა გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში "იყვნენ ახალი ადამიანები, ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები იცნობენ, რომლებსაც პატივს სცემენ და რომლებსაც მიესვლებათ სხვადასხვა ევროსტრუქტურასა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან". გიგაურის თქმით, სწორედ ამ "ახალმა ადამიანებმა" უნდა შეასრულონ "ევროკავშირის მოთხოვნები" კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარე მთავარ არხთან საუბარში ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების ახლა ჩატარება პრობლემაა.  

"ჩვენ რომ ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები, ეს ჩატარდება ძველი სისტემით, რაც არ არის სრულად პროპორციული სისტემა და რაც არის პრობლემა, ეს არის უსამართლო საარჩევნო სისტემა და ის უნდა შეიცვალოს. ასევე, რომ ჩატარდეს ეს ვადამდელი არჩევნები, 2024 წელს მოგვიწევს კიდევ ერთი არჩევნების ჩატარება, ესეც არის ერთერთი არგუმენტი.

მესამე საკითხი, ამისთვის საჭიროა, გვყავდეს ცესკოს სხვა თავმჯდომარე, პროკურატურა, რომელიც არ დაიწყებს პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს და ამიტომ, პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი.  ამისთვის არის საჭირო ის, რომ კონკრეტულმა მინისტრებმა ადმინისტრაციული რესურსები არ გამოიყენონ და არ დააძალონ თავიანთ თანამშრომლებს, რომ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კამპანიაში და მისცენ ხმა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას" - ამბობს ეკა გიგაური. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარის შეფასებით, შინ ევროპისთვის მოთხოვნების შესრულება ბიძინა ივანიშვილისთვის "დამაფიქრებელი მომენტია".

"თუ იგი გაიწევა, თუ ის მისცემს საშუალებას ქართველ ხალხს, რომ ჩვენ ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას და მივიღოთ ევროკავშირის სტატუსი, ეს დამოკიდებულებები და ეს ტალღა, რომელიც მოდის ოლიგარქიის წინააღმდეგ, ამ ტალღას შეიძლება გადაურჩეს, სხვა შემთხვევაში, მე ვფიქრობ, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და რაღაც მომენტში დაგვირგვინდება იმით, რომ მის გარკვეულ ქონებას შეიძლება, სერიოზული საფრთხე შეექმნას" - თქვა გიგაურმა მთავარ არხთან.


24 ივნისს სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებს. მათ მთავრობას ვადა 3 ივლისამდე მისცეს. 

კომენტარები