რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

კულება: G7-მა სანქციები უნდა გაამკაცროს, რუსეთის ავადმყოფი იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს

Nikolay Doychinov/AFP/Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დიდი შვიდეულის სამიტს Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ G7-ის ქვეყნებმა რუსეთს კიდევ უფრო მძიმე სანქციებით უნდა უპასუხონ. 

კულებამ საკუთარ გზავნილს 7 წლის უკრაინელი ბავშვის ფოტო დაურთო, რომელიც ოკუპანტების საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა. 

"აი ამ 7 წლის უკრაინელ ბავშვს კიევში მშვიდად ეძინა იქამდე, სანამ რუსული ფრთოსანი რაკეტა მის სახლში არ აფეთქდა. უკრაინის გარშემო კიდევ სხვა ბევრი ადამიანი იმყოფება ამგვარი თავდასხმის ქვეშ. G7-ის სამიტზე ქვეყნებმა რუსეთს მეტი სანქციებითა და უკრაინის ძლიერი შეიარაღებით უნდა უპასუხონ. რუსეთის ავადმყოფი იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს". - წერს კულება Twitter-ზე. 

დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსული ოქროს იმპორტს კრძალავენ. ამის შესახებ ბავარიაში G7-ის სამიტზე განაცხადეს, სადაც ომის შედეგად გამოწვეული ენერგოდეფიციტისა და საკვების კრიზისის განხილვა მიმდინარეობს.

აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დამატებით განმარტა, რომ G7 ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 28 ივნისს გაავრცელებს. 

გასულ წელს რუსული ოქროს ექსპორტი $15.45 მილიარდი იყო. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, მდიდარი რუსები სანქციების ფინანსური ზემოქმედების შესამცირებლად დასავლეთისგან ოქროს ზოდებს ყიდულობდნენ. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, ოქროს იმპორტის აკრძალვასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსული ნავთობის იმპორტის ფასის ლიმიტის დაწესებაზე. 

კომენტარები