დიდი შვიდეულის სამიტი

ჯონსონი: ერთიანობა მნიშვნელოვანია, რადგან კიევში კრემლის გამარჯვების ფასი ძალიან მაღალია

დიდი შვიდეულის სამიტი, 26 ივნისი, 2022.
REUTERS/Jonathan Ernst/Pool

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, მსოფლიო ლიდერებმა უნდა აღიარონ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ენერგორესურსებისა და საკვების ხარჯების მატების ფონზე უწევთ, თუმცა, ასევე უნდა ესმოდეთ, რომ მსოფლიოს რუსეთის უკრაინაში გამარჯვება გაცილებით მეტი დაუჯდება.

ჯონსონმა თქვა, რომ მოსკოვის აგრესიის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანია, დასავლეთმა ერთიანობის შეინარჩუნება შეძლოს. 

"იმისთვის, რომ ამ ერთიანობამ იმუშაოს, იმისთვის, რომ ეს ერთიანობა დავიცვათ, მნიშვნელოვანია გულწრფელი დისკუსია იმ ზეწოლაზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები უმკლავდებიან. 

თუმცა, უკან დახევისა და ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის დანაწევრებით მიღწეული წარმატების ფასი გაცილებით მაღალი იქნება. ეს აქ ყველა ჩვენგანს ესმის". - ამბობს ჯონსონი. 

ასევე, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გამოწვევები, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელია. 

"[დიდი შვიდეულის] ყველა წევრს აშფოთებს ის კრიზისი, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ - ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნა, ინფლაციის ზრდა, ნედლეულის დეფიციტი, მიწოდების შეფერხებები - ეს ყველაფერი პატარა გამოწვევა არ არის". - თქვა შოლცმა. 

გარდა ამისა, დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსული ოქროს იმპორტს კრძალავენ. ამის შესახებ ბავარიაში G7-ის სამიტზე განაცხადეს, სადაც ომის შედეგად გამოწვეული ენერგოდეფიციტისა და საკვების კრიზისის განხილვა მიმდინარეობს.

აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დამატებით განმარტა, რომ G7 ოქროს იმპორტის აკრძალვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 28 ივნისს გაავრცელებს. 

გასულ წელს რუსული ოქროს ექსპორტი $15.45 მილიარდი იყო. ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, მდიდარი რუსები სანქციების ფინანსური ზემოქმედების შესამცირებლად დასავლეთისგან ოქროს ზოდებს ყიდულობდნენ. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, ოქროს იმპორტის აკრძალვასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსული ნავთობის იმპორტის ფასის ლიმიტის დაწესებაზე. 

კომენტარები