Tbilisi Pride

TBILISI PRIDE: ღარიბაშვილი აშკარა საფრთხეს უქმნის ლგბტქ ადამიანებს, აქტივისტებს და მხარდამჭერებს

TBILISI PRIDE საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც პარლამენტში წლიური მოხსენებისას თქვა, რომ ღირსების მარში, რომლის ჩატარებასაც Tbilisi Pride 2021 წლის 5 ივლისს გეგმავდა, "პირდაპირ პროვოკაცია" იყო და მომხდარი მოვლენების ორგანიზატორი "ელგებეტე" ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია იყვნენ, მათ უკან კი მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი დგანან. 

TBILISI PRIDE-ის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს გასული წლების რიტორიკას და ცდილობს ლგბტქ თემისგან "მტრის ხატის" შექმნას პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, ამ თავდასხმებით კი, რეალურ და აშკარა საფრთხეს უქმნის ლგბტქ ადამიანებს, აქტივისტებს და მხარდამჭერებს.

"გასული წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რითაც მწვანე შუქი აუნთო ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს, რომელმაც ლგბტქ აქტივისტებზე და მედიაზე ღიად ნადირობა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას ამ ძალადობის არცერთი ორგანიზატორი დღემდე არ დაუსჯია".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის სიძულვილის შემცველი განცხადებები და ქმედებები საზიანოა არამხოლოდ ლგბქტ ადამიანებისთვის და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვის, არამედ ქვეყნის ევროპული არჩევანისთვისაც, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია.

"გვინდა შევახსენოთ Სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თუ რა პასუხისმგებლობას აკისრებს მათ საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო შეთანხმებები და ევროინტეგრაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებები".- აცხადებს TBILISI PRIDE. 


2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია –ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

კომენტარები