რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიშელი: დარწმუნებული ვარ, დღეს უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ

Frederick Florin/AFP/Getty Images

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

მიშელის თქმით, საქართველო მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას მიიღებს.

"ეს გადამწყვეტი მომენტია ევროკავშირისთვის. ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, რასაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ უკრაინასა და მოლდოვას. ჩვენ ასევე აშკარა და ძლიერ ევროპულ პერსპექტივას გამოვხატავთ უკრაინისთვის, საქართველოსთვისა და მოლდოვისთვის". – თქვა შარლ მიშელმა. 

23-24 ივნისის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. სამიტზე ქვეყნების ოფიციალურად მიწვევის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ დროა, ბლოკის ქვეყნებმა აღიარონ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა ახსენა.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები წააყენა. საქართველომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო.

კომენტარები