კოლუმბია

არჩევნები კოლუმბიაში: მარქსიზმი – ლათინო ამერიკის ოპიუმი

კოლუმბია

არჩევნები კოლუმბიაში: მარქსიზმი – ლათინო ამერიკის ოპიუმი

მემარცხენე პოპულისტმა გუსტავო პეტრომ კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში 50.5% მოიპოვა, დაამარცხა ასევე პოპულისტი, რუდოლფო ჰერნანდესი და კოლუმბიის პირველი მარქსისტი პრეზიდენტი გახდა. სიღარიბით, კორუფციით, უთანასწორობით, დაუცველობითა და სუსტი მმართველობით დაღლილმა მოსახლეობამ რადიკალური ცვლილება აირჩია და მარქსისტულ-პოპულისტურ კამპანიას დაჰყვა. 

გუსტავო პეტროს მხარდამჭერი უსმენს პეტროს გამოსვლას მაისი, 2022

ვენესუელელი ჟურნალისტი, ლათინო ამერიკის მკვლევარი, ავტორიტარიზმის შესახებ The Revenge of Power-ის ავტორი შენიშნავს, რომ კოვიდპანდემია განსაკუთრებით მწვავედ სწორედ ლათინო ამერიკას შეეხო - მოქალაქეებმა იხილეს ჯანდაცვის სისტემის, პოლიტიკური ინსტიტუტების და ტრადიციული პარტიების კოლაფსი. მისი თქმით, ტკივილმა და ტანჯვამ გააძლიერა ანტიპოლიტიკური განწყობები, რისი ლოგიკური გაგრძელებაც - პოპულისტური პარტიების საპასუხო აფეთქებაა. ისინი დაღლილ მოსახლეობას სასტიკი, უსახური ლიდერის მოშორებას ჰპირდებიან, ამასთანავე, ხალხის სახელით ახალი სახელმწიფოს შექმნას გეგმავენ. 

რეგიონი

რეგიონში კორონავირუსმა სიტუაცია მართლაც გაართულა: 2020 წელს საგრძნობლად გაიზარდა ქვეყნების საგარეო ვალი, დაიღუპა 6.8 მილიონი ადამიანი. მართალია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2020 წელს უკვე დაუბრუნდა 6.8%-ს, თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 2025 წლისთვის იგივე იქნება, რაც 2015 წელს იყო. პანდემიის ფონზე, მზარდმა ინფლაციამ და უმუშევრობის მაღალმა დონემ ყველაზე მეტად საშუალო კლასი დააზიანა. 

სიღარიბის ზრდის პარალელურად მცირდება რწმენა ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების მიმართ, ჩილეში კვლევითი ცენტრის, Latinobarómetro-ს მონაცემებით, უკანასკნელ 10 წელში მთავრობისადმი ნდობა ორჯერ შემცირდა. პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ამომრჩეველი არჩევანს საკუთარი პოლიტიკური კომპასის მიხედვით კი არ აკეთებს, არამედ წინა სისტემაზე გაბრაზებული, ცვლილებას მოწყურებული, რაღაც ახალს, არსებულის რადიკალურად საპირისპიროს ეძებს. ამ პროცესს წარმატებით იყებენ პოპულისტი მემარცხენე კანდიდატები. 

მართალია, პეტრო კოლუმბიის პირველი მემარცხენე პრეზიდენტი გახდა, მაგრამ მისი წარმატება სამხრეთ ამერიკისთვის უჩვეულო სულაც არაა. იგი ლათინო ამერიკის “გაწითლების” (მემარცხენე მმართველების ზრდის) ტენდენციას აგრძელებს.

2018-დან 2020 წლამდე მექსიკაში, არგენტინასა და ბოლივიაში წარმატება მემარცხენე-ცენტრისტმა კანდიდატებმა მოიპოვეს. გასულ წელს პერუსა და ჰონდურასშიც მემარცხენე ძალებმა გაიმარჯვეს. ჩილეში პრეზიდენტი 35 წლის მარქსისტი კანდიდატი გახდა. პეტროს გამარჯვების შემდეგ ლათინო ამერიკაში ერთადერთი მემარჯვენე მთავრობა ბრაზილიის სახით რჩება, თუმცა ისიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად,  შეიძლება, მემარცხენეთა ბანაკს შეუერთდეს. 

ბუნებრივია, რეგიონის მემარცხენე პოპულისტი ძალები ჰომოგენური სულაც არ არის, მაგრამ საერთო მახასიათებლების პოვნა მაინც შესაძლებელია: ისინი ძირითადად უარყოფენ თავისუფალ ბაზარს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რუსეთთან ერთად, რესურსების მისაღებად თავისუფალი სამყაროს ალტერნატივად განიხილავენ. ამის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების მეზობლად მემარცხენე პოლიტიკოსები ანტიამერიკანიზმთან ასოცირდებიან. თავის მხრივ კი, მათ გაძლიერებას აშშ-სთან დაპირისპირებული ძლიერი ძალების (ჩინეთი და რუსეთი) ამერიკის “უკანა ეზოში”  საკუთარ სტრატეგიულ ცენტრების შექმნას უკავშირებენ, მთავარი მიზნით - შეაფერხონ რეგიონში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და ნარკოვაჭრობითა და მიგრანტების კრიზისით გამოწვევები შეუქმნან ამერიკას.

კოლუმბია

მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიას ბოლო 20 წელში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უთანასწორო ქვეყნად რჩება. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფორმალური ეკონომიკის მიღმაა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD-ის) კვლევის თანახმად, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახს 11 თაობა სჭირდება, რათა საშუალო შემოსავლის დონეს მიაღწიოს. OECD-ის თანახმად, პოსტპანდემიისას, 20-დან 24 წლამდე მამაკაცების 22.1% და ქალების 46.7%  არც სწავლობდა და არც დასაქმებული იყო.

 

ქვეყანის 10-პროცენტიანმა ინფლაციამ და ძალადობის მზარდმა შემთხვევებმა გამოიწვია უკმაყოფილობა უკვე ექსპრეზიდენტის, დემოკრატიული ცენტრის წარმომადგენელის, ივან დუკეს მიმართ და, ამავდროულად, გააღრმავა მოსახლეობის დიდი ნაწილის უნდობლობა თითქმის ყველა ინსტიტუტის, მათ შორის კონგრესის, პოლიტიკური პარტიების, სამხედროების, პოლიციისა და მედიის მიმართ.

ვინ არის კოლუმბიის პირველი მარქსისტი პრეზიდენტი -  Una Vida, Muchas Vidas

უკვე პრეზიდენტი, ვენესუელელი უგო ჩავესის იდეოლოგიური მოკავშირე და მეგობარი, ჯერ ტერორისტული დაჯგუფების, შემდეგ კოლუმბიის პარლამენტის წევრი, დედაქალაქის ბოგოტას ყოფილი მერი,  გუსტავო პეტრო გასულ წელს ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს - Una Vida, Muchas Vidas (ერთი ცხოვრება მრავალი ცხოვრებით), სადაც, როგორც თავად ამბობს, სხვადასხვა როლში უთანასწორობის წინააღმდეგ  ბრძოლის ისტორიას ჰყვება. რამდენი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონოდა პეტროს, ამომრჩევლებისთვის ყველაზე საინტერესო მაინც მისი 1980-იან წლებში მარქსისტული გაერთიანების წევრობაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს მოლოდინი, რომ მისი პოლიტიკური ხედვა იმ რადიკალური იდეებით იკვებება, რომელიც პარტიზანობისას სწამდა.

გუსტავო პეტრო უგო ჩავესთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცივი ომის განმავლობაში კოლუმბია მტკიცედ პროამერიკულად რჩებოდა, 1960-იან წლებში კოლუმბიის პროვინციებში მარქსისტული დაჯგუფებები გაჩნდა, რომელთა მიზანიც, პოლიტიკური ძალაუფლების ჩაკეტილი წრის გარღვევა იყო: მათ არ მოსწონდათ ერთმანეთის მონაცვლე ლიბერალი და კონსერვატორი პარტიები და მიაჩნდათ, რომ ორივე საერთო უსახური ელიტიდან იყო წარმოქმნილი. იმავე სურვილით სტუდენტები, აქტივისტები და ხელოვანები 1970-იან წლებში ურბანულ მარქსისტულ დაჯგუფებას, M-19-ს ქმნიან, ამ გაერთიანების წევრია ეკონომიკის სტუდენტი, 17 წლის გუსტავო პეტრო.  

გუსტავო პეტრო M-19-ის წევრობისას

დაჯგუფება რობინ ჰუდის ხატის შექმნას ცდილობდა - იპარავდნენ რძეს სუპერმარკეტიდან და ურიგებდნენ ღარიბებს. აჯანყების სიმბოლური აქტისთვის კი მუზეუმიდან მოიპარეს სიმონ ბოლივარის ხმალი, რომლითაც იგი კოლუმბის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. გაერთიანებამ, ამასთანავე, კოლუმბიის არმიას 5 000 იარაღი მოპარა, მთავრობასთან მოლაპარაკებას კი, ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრების გატაცებით აწარმოებდა. 

M-19-ს ნაციონალისტური და ანტიიმპერიალისტური ნიშნები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, M-19 სხვა ამბოხებულ ჯგუფებთან შედარებით ნაკლებად სასტიკ გაერთიანებად ითვლება, მათ 1985 წელს კოლუმბიის უახლოეს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმა მოაწყვეს: სასამართლოს ალყისას სამხედროებთან და პოლიციასთან შეტაკებისას 94 ადამიანი, მათ შორის 11 მოსამართლე დაიღუპა. სასამართლო შენობის აღებისას პეტრო ციხეში იყო - იარაღის უკანონოდ შენახვისთვის იხდიდა სასჯელს. 

1990-იან წლებში დაჯგუფება განიარაღებაზე შეთანხმდა, წევრები კი ამინისტიით გაათავისუფლეს. პეტრო, 900 სხვა პარტიზანთან ერთად, ტოვებს აჯანყებულთა ჯგუფს და პოლიტიკური პარტიას აარსებს.

პირველი შავკანიანი ვიცეპრეზიდენტი

პეტროს გამარჯვებით ფრანსია მარკესი კოლუმბიაში პირველი შავკანიანი ვიცეპრეზიდენტი ქალი გახდა. იგი იურისტი და გარემოს დაცვის აქტივისტია. მისი კამპანიის ძირითადი ფოკუსი სისტემური ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ხმის მიცემის შემდეგ მარკესმა აღნიშნა: “დღეს ის, ვინც არავინ იყო, ისტორიულად ჩაგრული, პოლიტიკაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. ელიტამ, რომელიც ჩვენ გვმართავდა, არასოდეს მოგვცა საშუალება, გვეცხოვრა ღირსეულად, მშვიდად, სოციალური სამართლიანობით“.

პეტრო და მარკესი საპრეზიდენტო კამპანიისას 

მარკესს სოციალური კლასიც გამოარჩევს - თუ ყოფილი პრეზიდენტები და ვიცეპრეზიდენტები უცხოეთში სწავლობდნენ, იგი ღარიბ უბანშია დაბადებული და გაზრდილი. პეტროს პოლიტიკური კამპანიის მიზანი ვიცეპრეზიდენტის კანდიდატის შერჩევითაა გამოხატული -  ჩაგრულთა დასაცავად ელიტის წინააღმდეგ ბრძოლა უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით.

უმცირესობათა უფლებებზე აქცენტი და მწვანე ეკონომიკა, - ის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია, რომლითაც პეტრო დასავლურ პროგრესულ დემოკრატებს ჰგავს, სწორედ ამ მსგავსებას იყენებდა იგი ოპონენტების ბრალდებებზე, რომ ის კოლუმბიას რადიკალური რეფორმებისთვის სწირავს. 

რას აპირებს კოლუმბიის პირველი მარქსისტი პრეზიდენტი?

პეტროს გეგმები უფასო უმაღლეს განათლებას, უმუშევრებისთვის გარანტირებულ სახელმწიფო სამუშაო ადგილებს, ნავთობისა და გაზის წარმოებიდან მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასა და ფისკალურ რეფორმას მოიცავს. ის პირობას დებს, რომ კომპანიებს აიძულებს, გადაიხადონ თავიანთი მოგების 70 პროცენტი დივიდენდებში და გააძლიერონ სახელმწიფო საპენსიო ფონდები. 

პეტრო აკრიტიკებს ვაშინგტონის ნარკოტიკებთან ბრძოლის პოლიტიკას. მისი თქმით, კოკაინით ვაჭრობის ზრდა პოლიტიკის წარუმატებლობის დასტურია: იმ მილიარდების მიუხედავად, რომლებიც აშშ-მ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში დახარჯა, ქვეყანა პაბლო ესკობარის დროსთან შედარებით დაახლოებით ოთხჯერ მეტ კოკაინს აწარმოებს. პეტრო ნარკოვაჭრობის ლეგალიზაციას ემხრობა.

არანაკლებ რადიკალურია მისი საგარეო პოლიტიკა. მართალია, იგი ვენესუელას ავტორიტარული ლიდერისგან, ნიკოლას მადუროსგან დისტანცირებას ცდილობს, თუმცა, პეტრომ კამპანიისას აღნიშნა, რომ გეგმავს, ვენესუელას პრეზიდენტი ლეგიტიმურად აღიაროს - მაშინ, როცა თეთრი სახლის მთავარი პოლიტიკა სწორედ მადუროს იზოლირებაა. 

თუ პეტრო ლათინო ამერიკის სხვა ლიდერების გზას გაჰყვება, ეს მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება ამერიკისთვის. 2000 წლიდან აშშ-მ კოლუმბიას 10 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. ხუთი წლის წინ, კოლუმბია ლათინო ამერიკაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც NATO-მ გლობალური პარტნიორის სტატუსი მიანიჭა, ხოლო მარტში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კოლუმბია ნატოს მთავარ მოკავშირედ დანიშნა, რაც ქვეყანას თავდაცვისა და უსაფრთხოების დამატებით სარგებელს აძლევს.

თუმცა, შესაძლოა, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და პეტრომ საერთო ენა გამონახონ, განსაკუთრებით მწვანე პოლიტიკის კონტექსტში. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კოლუმბიის პრეზიდენტს ვაშინგტონში საკუთარი მოკავშირეები ჰყავს. როგორც მან CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, ის, ასევე, რადიკალ მემარცხენე სენატორს, ბერნი სანდერს “ ხშირად” ხვდება. 

ფრაგმენტული პარლამენტი და პეტროს გეგმები

საარჩევნო დაპირებების მიუხედავად, არსებობს მოლოდინი, რომ ფრაგმენტული პარლამენტის წყალობით პეტრო ვერ შეძლებს საკუთარი პოლიტიკის გატარებას. მარტის საკანონმდებლო არჩევნების მიხედვით, მისი კოალიცია ისტორიული პაქტი სენატის მხოლოდ 18%-ს, ქვედა პალატის კი 15%-ს ფლობს. მართალია, ამ მონაცემით მისი პარტიას პარლამენტში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს, თუმცა მას არ ჰყავს უმრავლესობა, შესაბამისად, პეტროს დიდი ალბათობით დათმობებზე წასვლა მოუწევს

პეტროს მთავარ დაპირებებს შორის არის უმდიდრესი კოლუმბიელებს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად დაბეგვრა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მემარცხენე პარტიებმა კონგრესში მხოლოდ 50 მანდატი მოიპოვეს, პეტროს ცენტრისტი პარტიების მხარდაჭერაც დასჭირდება.

ეკონომიკური კვლევითი ცენტრის Fedesarrollo-ს ხელმძღვანელი, ლუის ფერნანდო მეხია შენიშნავს, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში, პეტრო უხელმძღვანელებს "ძლიერ კონფლიქტურ მთავრობას, რომელიც არაფერს აკეთებს", ვიდრე მთავრობას, რომელიც ანადგურებს კოლუმბიის ინსტიტუტებს.

პეტროს გამარჯვება ბევრად მეტს ააშკარავებს, ვიდრე მხოლოდ იმას, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი შემდეგი 4 წლის განმავლობაში: კოლუმბიის არჩევნებმა დაადასტურა ამომრჩევლის ქრონიკული სიღარიბით გამოწვეული ღრმა გაუცხოება სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, ამასთანავე, გამოაშკარავდა რეგიონში დემოკრატიული იდეებისა და ამერიკის დასუსტება, სამაგიეროდ - ჩინეთისა და რუსეთის გაძლიერება. 

კომენტარები