კოლუმბია

კოლუმბიელი მხატვარი, ფერნანდო ბოტერო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

EPA

კოლუმბიელი მხატვარი, ფერნანდო ბოტერო, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა თავისი სკულპტურებითა და გამორჩეულად მოცულობითი, მონუმენტური ფიგურების გამომსახველი ფერწერული ნამუშევრებით მოიპოვა, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მხატვრის ქალიშვილის თქმით, მონაკოში მცხოვრები ბოტერო პნევმონიით იტანჯებოდა.

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ, ბოტეროს "ჩვენი ტრადიციებისა და ნაკლების, ჩვენი სათნოების მხატვარი" უწოდა.

ფერნანდო ბოტეროს მშობლიურ ქალაქ მედელინში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული.

ბოტეროს ხელწერა სხვათაგან განსხვავებულია, რამდენადაც ის თავის ნამუშევრებში გამოსახული  ფიგურების ზომებს აზვიადებდა, რაც მათ კომიკურ ან პაროდიულ ეფექტს აძლევდა.

მხატვრის თქმით, მისთვის შეუძლებელიც კი იყო ფაქიზი არსებების გამოსახვა და ხშირად მხატვრის განზრახვის მიუხედავად, ფიგურების ტილოზე ან ბრინჯაოზე გადატანის ნებისმიერი მცდელობა მათი ზომების 10-ჯერ გადიდებით სრულდებოდა.

"მაშინ მე დიდი სიფრთხილით დავიწყე ცხენის ხატვა, ვეცადე ძალიან ფრთხილად ვყოფილიყავი და მერე უცებ ის მაინც ბოტერესკულად იქცა". - 2008 წლის ინტერვიუში ამგვარად იხსენებდა ბოტერო შემთხვევას, როცა მცირეწლოვანმა შვილმა სთხოვა, მის მაგივრად მამას სასკოლო დავალებისთვის ჩვეულებრივი ცხენი დაეხატა.

მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას მისეული ვერსიაა.

ფერნანდო ბოტერო- მონა ლიზა (1978)
OTHER

 

კომენტარები