რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კალინინგრადში ტვირთების გადაზიდვაზე ლიტვას ცალმხრივი შეზღუდვა არ დაუწესებია – საგარეო

კალინინგრადის ოლქი
Vitaly Nevar/Reuters

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კალინინგრადის ოლქში ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქვეყანას არანაირი ცალმხრივი შეზღუდვა არ დაუწესებია.

დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ზომები ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-4 პაკეტის ნაწილია. 

"მგზავრები და საქონელი, რომლებზეც ევროკავშირის სანქციების ზომები არ ვრცელდება, ჩვეულებრივ რეჟიმში გადაადგილება როგორც კალინინგრადის, ასევე უკუმიმართულებით. ლიტვა თანმიმდევრულად ასრულებს ევროკავშირის სანქციებს, რომლებსაც სხვადასხვა გარდამავალი პერიოდი და ძალაში შესვლის თარიღები აქვთ". - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ლიტვის პოზიცია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმაც დაადასტურა. ბორელის თქმით, ლიტვა მხოლოდ ევროკავშირის სანქციებს ასრულებს.

რუსი სენატორები ლიტვის მიერ კალინინგრადის მიმართულებით მიმავალი ტრანზიტული მატარებლების გაშვების შეწყვეტასთან დაკავშირებით იმუქრებიან. კალინინგრადი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა, რომელიც მისგან მოწყვეტილია და საერთო საზღვარი არ აქვს.

ფედერაციული საბჭოს სახელმწფიო სუვერენიტეტის დაცვის კომისიის ხელმძღვანელის, ანდრეი კლიმოვის თქმით, ეს საკითხი ევროკავშირმა უნდა მოაგვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს თავისუფალი მოქმედების უფლება ექნება. 

"თუ ევროკავშირი დაუყოვნებლივ არ გამოასწორებს ვილნიუსის თავხედურ გამოხტომას, ჩვენთვის თავადვე უარყოფს ლიტვის ევროკავშირის წევრობის ყველა დოკუმენტის ლეგიტიმურობას და კალინინგრადის ტრანზიტის ლიტვის მიერ შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად ხელებს გაგვიხსნის, ჩვენ მიერ არჩეული ნებისმიერი გზით". – წერს კლიმოვი საკუთარ Telegram-არხზე.

აქამდე, რამდენიმე დღის წინ, კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ლიტვამ შეწყვიტა იქ იმ ტრანზიტული მატარებლების გაშვება, რომელთაც ევროკავშირის სანქციებში შესული საქონელი გადაჰქონდათ.

კომენტარები