შვედეთი-ფინეთი-NATO

მადრიდის სამიტი სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების საკითხს არ გადაჭრის – თურქეთი

reuters

თურქეთის განცხადებით, ქვეყანა არ თვლის, რომ მომავალი კვირის NATO-ს სამიტი ფინეთისა და შვედეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხს საბოლოოდ გადაჭრის. 

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა თქვა, რომ ამ საკითხზე დისკუსიები ანკარას, სტოკჰოლმს და ჰელსინკს შორის ბრიუსელში, მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ გაგრძელდება.

"სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიმართულებითა და სისწრაფით გადადგამენ ეს ქვეყნები ნაბიჯებს.

მადრიდის სამიტი არ არის ბოლო ვადა, ამიტომ ჩვენი მოლაპარაკებები გაგრძელდება“. -  დასძინა კალინმა.

აქამდე, NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სიტყვებით, ფინეთისა და შვედეთის ბლოკში გაწევრიანებაზე თურქეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილები ლეგიტიმურია. 

სტოლტენბერგმა, ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტოსთან ვიზიტის დროს თქვა, რომ NATO-ს არცერთ სხვა მოკავშირე ქვეყანაში არ მომხდარა იმაზე მეტი ტერორისტული თავდასხმა, ვიდრე თურქეთში და სწორედ ამიტომ, მათი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზომები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული. 

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები