საქართველო-ევროკავშირი

ხაზარაძე სტატუსზე: თუ საბოლოო შედეგიც ასეთი იყო, ეს მთავრობა უნდა გავუშვათ

დღეს ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის რეკომენდაცია და დასკვნა, რომელიც ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს. ეს მისი მთავრობაა. ეს მისი უნიათო და მავნებლური მთავრობის პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო აუტსაიდერებში აღმოჩნდა. ახლა კიდევ არის შანსი, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია იმ საჭირო დოკუმენტის უკან დაბრუნება, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტი ჰქვია.

ბუნებრივია, 24 ივნისსა და საბოლოო დასკვნას დაველოდებით, მაგრამ თუ ეს შედეგი დარჩა, ეს არის პირდაპირი, ასე ვთქვათ, საბაბი იმისა, რომ ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ. გავუშვათ მშვიდობიანად და საქართველოში აუცილებლად უნდა დაინიშნოს რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები. ამისთვის საჭიროა, პირველი: ივანიშვილი უნდა გამობრძანდეს და ქართველ ხალხს უთხრას, რატომ მიიყვანა ქართველი ხალხის ოცნება, მუშაობა და ამდენი ბრძოლა ამ შედეგამდე და რა თქმა უნდა, აუცილებლად არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ უნდა ჩატარდეს, თუ არ იქნება მიღებული სრულად პროპორციულის ცვლილებები კონსტიტუციაში და ეს მთავრობა, თუ ეს შედეგი დადგა, 24 ივნისის მერე სახლში უნდა წავიდეს. ეს არის ჩვენი პოზიცია.

თქვა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას ანიჭებს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, საქართველოს სტატუსის მისაღებად შესაბამისი წინაპირობების შესრულება დასჭირდება. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებში დეოლიგარქიზებაც შეიტანა

კომენტარები