რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: EU-ს წევრობა არ შეიძლება მეზობელი ქვეყნების სტაბილურობისთვის ერთადერთი პასუხი იყოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
REUTERS/Johanna Geron

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება "არ შეიძლება ერთადერთი გამოსავალი იყოს" მეზობლად მყოფი სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. 

"პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც სამართლიანად არის მოთხოვნილი და იმიტომ, რომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ ევროპის გამარტივება, რათა ის უფრო ქმედითი იყოს". – თქვა მაკრონმა. 

მაკრონის თქმით, მნიშვნელოვანია უფრო ფართო ევროპული საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც ითანამშრომლებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება და რაც ასევე არ ჩაანაცვლებს გაწევრიანებას.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

სამივე ქვეყანამ ევროკომისიას უკვე გადასცა კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისიის რეკომენდაცია 17 ივნისს გახდება ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია ევროპულ საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების საერთო განცხადებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას საქართველო განცალკევებულად იყო ნახსენები.

კომენტარები