უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად მზად არის.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ პუტინი წყვეტს, შეჩერდება თუ არა რუსეთის არმია.
"რუსეთს თუ ამ ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე – ჩემთვის სულერთია. თუ რუსეთის ფედერაცია მზადაა ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა ომი დასრულდეს.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





