უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუ მოსკოვს ომის დასრულება ნამდვილად სურს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
"ჩვენ არ გვაქვს დრო მოლაპარაკებებისთვის, რომელიც არ მუშაობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე ომის დასასრულებლად მზად არის". - თქვა ზელენსკიმ.
ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან აუცილებლად დასხდებიან, თუმცა არა დღეს და არა რუსეთის პირობებით.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





