უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის შედეგებმა არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საერთაშორისო წესრიგის მომავალზე იმოქმედა.
"უკრაინის ბრძოლის ველებზე ამ სამყაროს მომავალი წესები ყალიბდება". - თქვა ზელენსკიმ.
სინგაპურში აზიის უსაფრთხოების სამიტზე ჩართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში პორტებს ბლოკავს და უკრაინული სურსათის ექსპორტს ზღუდავს.
"თუ ჩვენ სურსათის ექსპორტს ვერ შევძლებთ, აზიისა და აფრიკის ქვეყნები მწვავე და მძიმე სასურსათო კრიზისის წინაშე აღმოჩნდებიან". - თქვა ზელენსკიმ.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





