კაპიტოლიუმზე შტურმი

კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებებთან კავშირში FBI-მ გუბერნატორობის კანდიდატი დააკავა

რაიან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI), 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე, მიჩიგანის გუბერნატორობის რესპუბლიკელი კანდიდატი, რაიან კელი დააკავა

FBI-ის აგენტებმა მიჩიგანში კელის კელის სახლი გაჩხრიკეს, თავად კელი კი დააკავეს. გუბერნატორობის კანდიდატი ჩანდა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების თავდასხმის კადრებში. 

სისხლის სამართლის საჩივარში ნახსენებია ოთხი ბრალდება, მათ შორისაა აკრძალულ შენობაში ან ტერიტორიაზე დაუმორჩილებლობა და უკანონო მოქცევა, უფლებამოსილების გარეშე აკრძალულ შენობაში ან ტერიტორიაზე შესვლა და აკრძალულ შენობაში ან ტერიტორიაში პიროვნების ან საკუთრების წინააღმდეგ ძალადობრივი მოქმედება. აქამდე, იგივე ბრალდებები წაუყენეს მათ, ვინც 6 იანვრის არეულობებში მონაწილეობდა.

ივნისში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ კელი 6 იანვრის მოვლენებში მონაწილეობდა. კადრებში ის დემონსტრანტებს ამხნევებდა. დაკავებამდე, მიჩიგანის მედიასთან საუბრის დროს, კელიმ თქვა რომ ის კაპიტოლიუმში არ შესულა. 

ამ დრომდე, კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო 850-ზე მეტი პირი დააკავეს.

2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. პარალელურად თეთრ სახლთან დონალდ ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ნამდვილი გამარჯვებული ტრამპი იყო. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და რის შედეგად ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შენობაში შეიჭრნენ.

ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით 14 იანვარს დონალდ ტრამპს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი. ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა, თუმცა ტრამპის იმპიჩმენტს სენატმა მხარი არ დაუჭირა. კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ სხვადასხვა სოციალურმა ქსელებმა მათ შორის Twitter-მა და Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს.

კომენტარები