ევროკავშირი-საქართველო

მელია ოცნებას: ორი კვირა გაქვთ, დაასრულოთ მედიაზე ზეწოლა და პოლიტიკური დევნა

მინდა მივმართო ქართულ ოცნებას. ევროპარლამენტის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა, რომ ევროპა მზად არის მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ერთადერთი წინაღობა ქართველ ხალხსა და ევროპას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი და ქართული ოცნება. საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. თქვენ გაქვთ ორი კვირა, ძვირფასო მეგობრებო ქართულ ოცნებაში, რომ დაასრულოთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, თქვენ უნდა დაასრულოთ მედიაზე ზეწოლა, თქვენ უნდა დაასრულოთ პოლიტიკური დევნა და ამ ორი კვირის განმავლობაში, 24 ივნისამდე მკაფიო სიგნალი და იმპულსი უნდა გააგზავნოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, რომ თქვენ გააკეთეთ თქვენთვის მწარე, მაგრამ სწორი დასკვნები. დადგა დრო, ქართველმა ხალხმა კვლავ დაადასტუროს თავისი ისტორიული არჩევანი და მე მოხარული ვიქნებოდი, ეს ყველაფერი მომხდარიყო კონსოლიდირებულად. იგივე ქართული ოცნების უამრავ მხარდამჭერთან ერთად და მე მივმართავ ქართული ოცნების იმ მხარდამჭერებს, ვისთვისაც უძვირფასესია ევროპული ღირებულებები და ფასეულობები. კარგად გავიაზროთ არსებული უმძიმესი მოცემულობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეიმქნა ერთი ძალიან მდიდარი უზურპატორის გამო. 

თქვა ენმ-ს თავჯდომარემ, ნიკა მელიამ. ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუციებს მოუწოდებს იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დამსახურებისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.

კომენტარები