ევროკომისიამ უკრაინას ქვეყანაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის გამო დასახმარებლად დამატებით 205 მილიონი ევრო გამოუყო.
"ომის შემდეგ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარება ჯამში 348 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან 13 მილიონი მოლდოვას ეკუთვნის, რათა მათ ქვეყანაში ჩასული უკრაინელი დევნილების მხარდაჭერა უზრუნველყონ". - თქვა ევროკომისიის სპიკერმა საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების საკითხებში, ბალაზს უჯვარიმ.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





