რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლატვიაში რუსული არხების ტრანსლირება აიკრძალა

ლატვიაში რუსული სატელევიზიო არხების ტრანსლირება აიკრძალა. გადაწყვეტილება ძალაში 9 ივნისიდან შევა და იქამდე იმოქმედებს, სანამ რუსეთი ომს არ დაასრულებს და ყირიმს უკრაინას არ დაუბრუნებს. აკრძალვა 80 რუსულ არხს შეეხება, რომელთა ყურებაც ქვეყანაში ამ დრომდე შესაძლებელი იყო.

გადაწყვეტილება ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ მიიღო. საბჭოს თავმჯდომარის, ივარს აბოლინშის თქმით, ეს გადაწყვეტილება ახალი კანონმდებლობის საფუძველზე მიიღეს, რომლის თანახმად, ლატვიის ტერიტორიაზე არ შეიძლება გავიდეს გადაცემები, რომლებიც რეგისტრირებულია იმ ქვეყანაში, რომელიც სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები