უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპორიჟიეს რეგიონში ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებსა და იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს შეხვდა.
"პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინელი სამხედროებს ფრონტის ხაზზე ეწვია, ისარგებლა შემთხვევით და გაეცნო ოპერატიულ ვითარებას თავდაცვის ფრონტზე". - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტი სამხედროებს ესაუბრა, მათ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
"თქვენი დიდი შრომისთვის, სამსახურისთვის, ჩვენი სახელმწიფოს მფარველობისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ და თქვენს ოჯახებს ჯანმრთელობას გისურვებთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს" - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოინახულა სანატორიუმიც, სადაც იძულებით გადაადგილებული უკრაინელების თავშესაფარი და სამედიცინო დახმარების პუნქტი მდებარეობს.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





