რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტების მიერ ლუგანსკის ოლქის დაბომბვისას 4 ადამიანი დაიღუპა – მათ შორის, დედა და ბავშვი

რუსი ოკუპანტი ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის ოლქი.
Alexander Ermochenko/Reuters

ლუგანსკის ოლქში 3 ივნისს, დღის განმავლობაში, ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის არის დედა და ბავშვი. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. 

"ქალაქ გორსკოეში 3 ივნისს რუსული არმიის მიერ დაბომბვის შედეგად დაიღუპა დედა და ბავშვი. ქალაქ ზოლოტოეში კიდევ ერთმა ადამიანმა მიიღო სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები. ასევე გახდა ცნობილი გორსკოეში 3 დღის წინ მოკლული ადამიანის შესახებ". - დაწერა მან. 

გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში ასევე არიან დაჭრილებიც. მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებს დანაკარგები აქვთ, თუმცა შტურმს აგრძელებენ.                

"მომდევნო ჯერზე სცადეს დასახლებულ პუნქტებს შორის კავშირის გაწყვეტა - დაბომბეს კიდევ ერთი ხიდი. გუშინ ერთ-ერთი ჭურვი ბინას მოხვდა, საბედნიეროდ, მამა-შვილი, რომელიც იქ იყო, გადარჩა. ჩვენმა მებრძოლებმა ისინი უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს". - ამბობს ის.

გაიდაის ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში, სულ მცირე, 6 მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა, გორსკში - 8 სახლი, ნოვოივანოვკაში - 7, ვრუბოვკაში - 6.  

ლუგანსკის ოლქში, ქალაქ სევეროდონეცკში ბოლო დღეების განმავლობაში ძლიერი დაბომბვა მიმდინარეობდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათი თავდაცვითი პოზიციების დაბომბვა 3 ივნისსაც გრძელდებოდა, რუსეთის სამხედრო ძალებს ქალაქზე საჰაერო იერიშიც მიაქვს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები