რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამორიცხული არ არის – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
REUTERS/Johanna Geron

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტის შემდეგ, უახლოეს მომავალში, სანქციების მხრივ, აღარაფერია გამორიცხული.

მაკრონი ასევე იმედოვნებს, რომ მომდევნო დღეებსა ან კვირებში რუსეთთან უკრაინის პორტებიდან სურსათის ექსპორტზე მოლაპარაკებები შესაძლებელი გახდება. 

"იმედი მაქვს, რომ მომდევნო რამდენიმე დღე ან კვირა ამ სიტუაციის მოგვარებას შესაძლებელს გახდის". - თქვა მაკრონმა. 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრისას მაკრონმა პუტინს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი შესთავაზა, რომელიც უკრაინის ბლოკირებული საზღვაო პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტს უზრუნველყოფს.

"უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ იმის გარანტია, რომ მათ გემებს თავს არ დაესხმებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ რუსეთისგან პასუხს ველით და ასევე გაეროს გენერალურ მდივანთან ვაკავშირებთ". - ამბობს მაკრონი.

31 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 

დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით მიღებაზე უარს ამბობს. ამჟამად გამონაკლისი არის მილსადენი დრუჟბა, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა, რომელიც სრულ ემბარგო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება ევროკავშირში იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს, წლის ბოლომდე კი 90%-ს.

კომენტარები