რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კონტრშეტევა სამხრეთ უკრაინაში – გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები ხერსონის სოფლიდან განდევნეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის სოფელ ნიკოლაევიდან ოკუპანტები განდევნეს. ამის შესახებ ცნობებს გენშტაბი Facebook-ზე ავრცელებს. 

"თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წარმატებული შეტევის დროს, მტერმა განიცადა ზარალი და უკან დაიხია ხერსონის ოლქის ნიკოლაევკას დასახლებიდან, რამაც გამოიწვია პანიკა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებში".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წარმატებულ კონტრშეტევას ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში.

უწყების ინფორმაციითვე, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 30 350-მდე სამხედრო დაკარგა. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები