ისრაელის პრემიერმინისტრი ნაფთალი ბენეტი ირანს ემუქრება და ამბობს, რომ მათი რეჟიმის იმუნიტეტის პერიოდი დასრულდა და ტერორისტების დამფინანსებლები საზღაურს სრულად გადაიხდიან.
"წლების განმავლობაში ირანის რეჟიმი ისრაელისა და რეგიონის წინააღმდეგ საკუთარი წარმომადგენლებით ტერორს იყენებდა, თუმცა რვაფეხას თავი, თავად ირანი, გარკვეული იმუნიტეტით სარგებლობდა". – თქვა ნაფთალი ბენეტმა.
მან დაამატა, რომ ირანის იმუნიტეტის პერიოდი დასრულდა.
"როგორც არაერთხელ ვთქვით, ირანის რეჟიმის იმუნიტეტის პერიოდი დასრულდა. ვინც არ უნდა აფინანსებდეს ტერორისტებს, ვინც არ უნდა აიარაღებდეს ტერორისტებს, ვინც არ უნდა აგზავნიდეს ტერორისტებს საზღაურს სრულად გადაიხდის". – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
ისრაელის პრემიერმინისტრის სიტყვები მოჰყვა გასული კვირების შემთხვევებს, რომლებშიც ისრაელს ადანაშაულებენ. 25 მაისს ირანში, პარჩინის სამხედრო კომპლექსის ტერიტორიაზე აფეთქებას ერთი ინჟინერი ემსხვერპლა. The New York Times-ის ინფორმაციით, აფეთქება დრონებით თავდასხმამ გამოიწვია. შემთხვევა ჰგავდა ირანში ბირთვულ პროექტზე მომუშავეებზე გასული წლების თავდასხმებს, რომელთაც ისრაელს მიაწერენ. ამას გარდა, 22 მაისს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ოფიცერი თეირანის ცენტრში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს.
The New York Times-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ისრაელმა აშშ-ს მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ მკვლელობების უკან იდგნენ და პოლკოვნიკი ჰასან საიად ხოდაეი მოკლეს, რათა თეირანი მის მიერ გაძღოლილი გარკვეული საიდუმლო ჯგუფის გაძლიერებასთან დაკავშირებით გაეფრთხილებინათ. ისრაელის მთავრობაში ეს ინფორმაცია უარყვეს და აშშ გაჟონილი ამბის გამო გააკრიტიკეს.