რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტები ჩრდილოეთ უკრაინაში რკინიგზის შეკეთებას ცდილობენ

Alexander Ermochenko/Reuters

უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ძალები თავიანთი მიწოდების მარშრუტის აღდგენისა და ჯარის ლოგისტიკის გაუმჯობესების მიზნით, ჩრდილოეთ უკრაინაში დაზიანებული რკინიგზის აღდგენას ცდილობენ. 

"კერძოდ, ხარკოვის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპანტები სმოლენსკიდან 29 ცალკეული სარკინიგზო ბრიგადის დანაყოფებს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად სპეციალური მანქანებითა და აღჭურვილობით ამარაგებენ". - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთიდან ხარკოვამდე და სამხრეთით იზუმამდე სარკინიგზო გზა რუსეთისთვის კრიტიკულ მიწოდების ხაზს წარმოადგენს.

განახლებული ინფორმაციით, რუსული ძალები დონეცკის ოლქ ბახმუტიდან უკრაინის მიწოდების ხაზის ჩაშლას ცდილობდნენ, თუმცა მათი თავდასხმები სამ დასახლებულ პუნქტზე წარუმატებელი აღმოჩნდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ. 

კომენტარები