რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული რუბლი კვლავ უფასურდება – გამომწვევი მიზეზები

ვლადიმირ პუტინი
Financial Times

რუსეთის ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურების ტენდენციას უბრუნდება. მოსკოვის ბირჟის ბოლო მონაცემებით, 26 მაისს ვაჭრობის შედეგად, $1-ის ღირებულება 56-დან 65 რუბლამდე გაიზარდა. შესაბამისად, რუსული ვალუტის ღირებულება დოლართან მიმართებით დაახლოებით 10%-ით შემცირდა.

ეკონომისტები რუბლის გაუფასურებას ნაწილობრივ რეფინანსირების განაკვეთის 14%-დან 11%-მდე შემცირებით ხსნიან. რუსეთის ცენტრალური ბანკის გუბერნატორის, ელვირა ნავიულინას თქმით, განაკვეთის შესამცირებლად სივრცე კიდევ არსებობს.

მეორე მხრივ, ეკონომისტები თვლიან, რომ რუბლის უსწრაფესი ვარდნა სავალუტო ბირჟაზე ნეგატიური მოლოდინებითაა გამოწვეული. მათი აზრით, წელს რუსეთის ეკონომიკური რეცესია გარდაუვალია, რასაც მხოლოდ აპრილში არსებული 18%-იანი ინფლაციაც მოწმობს. 

როგორც რუბლის გამყარების, ისე მისი გაუფასურების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, რუბლი აღარ არის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა, ხოლო როდესაც ვალუტით საერთაშორისო ვაჭრობა მკაცრად შეზღუდულია, მისი გაცვლითი კურსი საბაზრო ღირებულების ეკვივალენტური არ არის. სავალუტო ბირჟის მონაცემების მიღმა, სავარაუდოა, რომ ბოლო 24 საათში იგი 10%-ზე მეტითაც კი გაუფასურდა.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, ენერგორესურსების ექსპორტის ზრდამ და რუსეთში კაპიტალის კონტროლმა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა შეამცირა. თუმცა, ეკონომისტები მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღმა, თვლიან, რომ კურსი ამჟამად, სავაჭრო ბალანსი თითქმის სრულად განსაზღვრავს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება ინფლაციის კონტროლის ინსტრუმენტია, ამ შემთხვევაში, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის სასწრაფოდ შემცირება სიგნალია იმისა, რომ რუბლის გამყარება (გაუფასურების შემდეგ დოლართან მიმართებით 24%-ით გამყარდა) დადებითზე მეტ უარყოფით სარგებელს იწვევს.

მარტის დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთის 20%-მდე გაზრდამ და კაპიტალზე მკაცრი კონტროლის დაწესებამ ეკონომიკის შეკუმშვა გამოიწვია, რამაც რუსეთი მნიშვნელოვნად დააზარალა. ცენტრალური ბანკი განაკვეთის 11%-მდე შემცირებით სამომხმარებლო და ბიზნესს სექტორის წახალისებას ცდილობს. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ რუსეთის ცენტრალური ბანკი კაპიტალზე კონტროლს უახლოეს კვირებში შეამსუბუქებს, რუსეთის მოქალაქეებმა შესაძლოა, რუბლი უფრო დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის შესაძენად გაყიდონ, რაც რუსეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურებას დააჩქარებს. 

ომის დაწყებიდან ორ კვირაში რუბლი დოლართან მიმართებით 81-დან 139-მდე გაუფასურდა, (გავრცელებული ინფორმაციით, შავ ბაზარზე კურსი გაცილებით მაღალი იყო) ინფლაცია დაჩქარდა, უცხოურ ვალუტაში რუბლის კონვერტირება თითქმის სრულად აიკრძალა. ამ მხრივ, განსაკუთრებულად დიდი როლი ითამაშა რუსეთის გადაწყვეტილებამ, რომ ქვეყნებს ენერგორესურსების საფასური ეროვნულ ვალუტაში გადაეხადათ - Gazprombank-ში ანგარიშების გახსნამ და მათ რუბლში კონვერტირებამ ვალუტაზე მოთხოვნა გაზარდა და საბოლოოდ, მისი გამყარება გამოიწვია. 

რუბლის არც მოკლევადიან გაუფასურებასა და არც მის ხელოვნურად გამყარების მცდელობას რუსეთის ეკონომიკურ ზრდაზე საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები არ შეუცვლია. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2022 წელს დასავლეთის მიერ რუსეთის ბანკებზე, სახელმწიფო საწარმოებსა და სხვა ინსტიტუტებზე დაწესებული სანქციების გამო, ქვეყნის მშპ 11.2%-ით შემცირდება, ხოლო ევროპის რეკონსტრუირებისა და განვითარების ბანკის (EBRD) ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა 2022 წელს რუსეთის ეკონომიკას 10%-ით შეამცირებს. ამ მონაცემს რუსეთის ანგარიშების პალატის ხელმძღვანელი, ალექსეი კუდრინიც ეთანხმება.  

რომ შევაჯამოთ: გრძელვადიან პერსპექტივაში, ომის შემდეგ გამყარებული რუბლის კურსი ხელოვნური მანიპულაციებითაა დადგენილი, ხოლო რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივას, რუბლის მკვეთრი გაუფასურება რეფინანსირების განაკვეთის შემცირებასა და სავალუტო ბირჟაზე ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება.

კომენტარები