რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შეწყვიტეთ რუსეთთან თამაში, დაასრულეთ ომი – ზელენსკი დასავლეთს

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Government/Facebook

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს რუსეთთან თამაშის შეწყვეტისა და უფრო მკაცრი სანქციებისკენ მოუწოდებს. 

"ეს კატასტროფული მოვლენები, მაინც შეიძლებოდა შეჩერებულიყო, თუ მსოფლიო უკრაინაში ვითარებას ისე შეხედავდა, როგორც საკუთარს, თუ სახელმწიფოები რუსეთს არ ეთამაშებოდნენ, არამედ რეალურად იმოქმედებდნენ ომის დასასრულებლად" - თქვა ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ზელენსკის დასავლეთის მიმართ კრიტიკა ევროკავშირის მე-6 პაკეტში რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხზე შეუთანხმებლობას მოჰყვა. 

 ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა დარჩება დამოუკიდებელია, თუმცა ერთადერთი კითხვაა ის, თუ რის ფასად შეძლებს ქვეყანა სუვერენიტეტის შენარჩუნებას.

"უკრაინა ყოველთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება - ეს არ დაირღვევა. ერთადერთი საკითხია ის, თუ რა ფასი უნდა გადაიხადოს ჩვენმა ხალხმა თავისუფლებისთვის და რა ფასს გადაიხდის რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ამ უაზრო ომისთვის". - ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ ევროკავშირის შიგნით მე-6 პაკეტში რუსულ ნავთობზე ემბარგოს საკითხისგან გამოწვეულ უთანხმოებაზე ისაუბრა და EU-ს ჰკითხა, თუ რატომ აძლევდნენ ზოგიერთ ქვეყანას გეგმის დაბლოკვის უფლებას.

"კიდევ რამდენ კვირას გაგრძელდება მოლაპარაკებები ევროკავშირის მე-6 პაკეტზე? რუსეთზე ზეწოლა ფაქტობრივად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ყოველი გაჭიანურება, სისუსტე, კამათი თუ აგრესორის "დასამშვიდებლად" შემუშავებული წინადადება, მხოლოდ უკრაინელების მკვლელობას ნიშნავს". - თქვა ზელენსკიმ.

რუსულ ნავთობზე ემბარგოს აქტიურად ეწინააღმდეგება უნგრეთი. უნგრელი მაღალჩინოსნების თქმით, ენერგორესურსზე შეზღუდვა "უნგრეთის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია". 

24 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ევროკავშირის ლიდერებმა რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას მიაღწიონ. 

"ვფიქრობ, სამიტი ამისთვის შესაფერისი ადგილი არაა. ჩვენ არ უნდა ვფოკუსირდეთ მხოლოდ სამიტზე. წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებები გრძელდება". - თქვა ფონ დერ ლეიენმა. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები