რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი დეპუტატი ხერსონსა და ზაპოროჟიეზე: რუსეთი გათავისუფლებული ტერიტორიებიდან არ გავა

რუსი ოკუპანტი უკრაინაში
ТАСС

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანექსირებული ყირიმიდან, მიხაილ შერემეტმა კომენტარი გააკეთა უკრაინის ორი ოლქის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებაზე. მისი თქმით, ეს იმის დასტურია, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომელთაც თავად "გათავისუფლებულ ტერიტორიებს" უწოდებენ, არ გავა.

"გამარტივებული მოქალაქეობის უფლების მინიჭება არის მნიშვნელოვანი, სამართლიანი და საბედისწერო გადაწყვეტილება. ეს, პირველ რიგში, არის განთავისუფლებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა დაცვა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსეთი გათავისუფლებული ტერიტორიებიდან არ გავა და დაუცველს არ დატოვებს, ჩვენ ხალხს არ მივატოვებთ". – თქვა შერემეტმა.

გასულ დღეს, 25 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ორი ოლქის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მაცხოვრებლებისთსვის რუსეთის მოქალაქეობის აღების გამარტივებას.

ცვლილება შეტანილია განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის აღება უმარტივდებოდათ. 

ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილს რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. დანიშნული ჰყავთ მარიონეტული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა სურთ. 


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები