ევროკავშირი-საქართველო

პრემიერი: ლოიალური, ერთგული პარტნიორობა ვაჩვენეთ ევროკავშირს, ფასეულობები გვაერთიანებს

საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის. ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და მხოლოდ მთავრობას არ ეკუთვნის. ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია. ძალიან ლოიალური და ერთგული პარტნიორობა ვაჩვენეთ ევროკავშირს, რადგან საერთო ფასეულობები და პრინციპები გვაერთიანებს.

მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ეს მთავარი დოკუმენტი და გზამკვლევია სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის. მას შემდეგ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გავაფორმეთ და ხელშესახები შედეგებიც ვიქონიეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სახით, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის.

სულ ახლახანს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარვადგინეთ. თქვენს კითხვაზე პასუხად მოგახსენებთ, რომ რაც უფრო ახლოს მიგვიყვანს ევროკავშირთან და მასში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, მისაღები იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია.

როგორც უკვე ვახსენე, ესაა ქართველი ხალხის არჩევანი და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე ისაუბრა.

კომენტარები