რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შემუშავებაზე რასმუსენი იმუშავებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შემუშავებაზე კონსულტაციებს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი უხელმძღვანელებს. 

ერმაკმა ამ საერთაშორისო ჯგუფის შექმნის შესახებ დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე, ევროპის უსაფრთხოების პანელზე გამოსვლისას ისაუბრა. 

"დღეს მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად საერთაშორისო საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფს ვქმნით. მისი მიზანია, შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები უკრაინის უსაფრთხოების საიმედო და ეფექტური გარანტიებისთვის". - თქვა ერმაკმა.

ერმაკმა დამატებით აღნიშნა, რომ გაერთიანებას შეუერთდებიან აკადემიკოსები, უსაფრთხოების, პოლიტიკისა და დიპლომატიის ექსპერტები. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები