შვედეთი-ფინეთი-NATO

ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრობის პირობების განსახილველად თურქეთში დელეგაციებს გააგზავნიან

Antti Aimo-Koivisto/Lehtikuva/via REUTERS

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტოს თქმით, შვედეთი და ფინეთი NATO-ში მათი გაწევრიანების თანხმობისთვის თურქეთის პირობების განსახილველად ანკარაში დელეგაციებს გააგზავნიან.

"ჩვენ, უფრო სწორად ორივე - შვედეთი და ფინეთი, ანკარაში ვაგზავნით დელეგაციებს - ეს ხვალ ხდება. შესაბამისად, გრძელდება დიალოგი". - თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები სატელეფონო საუბრისას გააცნო.

"გვესმის, თურქეთს საკუთარი საზრუნავი აქვს ტერორიზმის კონტექსტში. [...] ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი შეიძლება მოგვარდეს. შეიძლება განხილული იქნას ის საკითხებიც, რომლებიც არ უკავშირდება უშუალოდ შვედეთსა და ფინეთს, თუმცა NATO-ს სხვა წევრ სახელმწიფოებს უკავშირდება". - თქვა ჰავისტომ. 

თურქეთი შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისთვის PKK/PYD-ისთვის დაფინანსების შეწყვეტას სთხოვს. ასევე, თურქეთი ითხოვს შვედეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და იარაღის ემბარგოს მოხსნას.  


18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები