მოლდოვა

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი სახელმწიფო ღალატის საქმეზე 72 საათით დააკავეს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი სახელმწიფო ღალატის საქმეზე 72 საათით დააკავეს. ინფრომაციას ადგილობრივ გამოცემა Deschide-ს გენერალური პროკურორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, დუმიტრუ რობუ უდასტურებს.

გამოცემის ცნობით, პრორუსი ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის სახელმწიფო ღალატის შესახებ. დოდონის დაკავებას წინ მისი სახლის ჩხრეკა უძღოდა. დოდონის წინააღმდეგ გამოძიება 2020 წელს ყოფილი დეპუტატის, იური რეშიცეს მიერ გამოქვეყნებული კადრების გამო დაიწყო, სადაც მოლდოვის უმდიდრესი ადამიანი, ვლად პლახოტნიუკი დოდონს, რომელიც იმ პერიოდში პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, პაკეტს აწვდის. რეშიცეს მტკიცებით პაკეტში დიდი თანხა იდო.

ამავდროულად, ჩანაწერში დოდონი და პლახოტნიუკი ისეთი საპარლამენტო კოალიციის შექმნას განიხილავენ, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას შეძლებდა.

დოდონთან ერთად დაკავებულია, მისი სიძე, პეტრუ მირიანინუ, რომელიც მტკიცებულებების განადგურების მცდელობაშია ბრალდებული.

იგორ დოდონი ყველა ზემოხსენებულ ბრალდებას უარყოფს და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

კომენტარები