რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 23 მაისის ანგარიში

რუსი ოკუპანტი უკრაინაში

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ნაციონალისტი მოღვაწეები უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" წარუმატებლობას ხშირად აკრიტიკებენ. რუსეთის ოფიცერთა ასამბლეამ, პრორუს ვეტერანთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ, რომელიც რუსეთის სამხედრო სტრატეგიის რეფორმირებას ცდილობს, კრემლს უკრაინაში ომის გამოცხადებისკენ მოუწოდა. ასამბლეის მიხედვით, რუსეთის "სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ სამ თვეში მიზანს ვერ მიაღწია. ISW-ს შეფასებით, რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის (BTG) განადგურებამ რუსეთის სამხედრო ძალების მოტივაცია შეამცირა.

რუსეთის სამხედრო ბლოგერები ანალიზების გამოქვეყნებას განაგრძობდნენ. ისინი რუსეთის ძალისხმევას სკეპტიკურად უყურებენ. ერთ-ერთი ასეთი ბლოგერი, იგორ სტრელკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის შეტევა დონბასის ასაღებად საბოლოოდ ჩაიშალა. მისი თქმით, "არცერთი დიდი დასახლება" არ არის გათავისუფლებული. სტრელკოვმა აღნიშნა, რომ რუბიჟნეს აღება შედარებით უმნიშვნელოა, რადგან ეს დონბასში ახალი შეტევის დაწყებამდე მოხდა. მისი შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაფხულისთვის დონბასის გაათავისუფლება შეძლონ.

ამასთან ერთად, უცნობმა თავდამსხმელებმა რუსეთში სამხედრო გაწვევის ოფისებზე შეტევები განაგრძეს, რაც გაწვევის მიმართ მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებს. რუსული Telegram-ის არხის მიხედვით,  უცნობმა თავდამსხმელმა უდმურტიის რეგიონში სამხედრო დაკომპლექტების ოფისს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ხოლო 19 მაისს რუსმა წვევამდელმა პნევმატური მოწყობილობით ჟელეზნოგორსკ-ილიმსკის (ირკუტსკის ოლქი) რეკრუტირების ოფისს ესროლა. უკრაინის გენერალურის შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან რეკრუტირების ოფისებზე 12 თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში (DNR და LNR) 16-17 მაისს იძულებითი მობილიზაციის გამო საპროტესტო აქციები გაიმართა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატი (GUR) იტყობინება, რომ ძალით მობილიზებული LNR-ის სამხედრო მოსამსახურეების ახლობლები ოჯახის წევრების დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვდნენ. GUR-მა აღნიშნა, რომ ომის შესახებ აღქმა და მობილიზაციის უკმაყოფილება LNR-ში გაუარესდა, რადგან რუსეთის ძალებმა დიდი მსხვერპლი განიცადეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება დაჭრილი და დაღუპული სამხედრო პირების ოჯახებისთვის ფულად კომპენსაციას თავს არიდებს. მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშენკომ ადრე აღნიშნა, რომ 16 მაისს დონეცკში საპროტესტო აქცია გაიმართა.

ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად პირველ სამ თვეში რუსეთმა, სავარაუდოდ, დაღუპულთა იმავე რაოდენობა განიცადა, რამდენიც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს. დანაკარგების ასეთი მაღალ მაჩვენებელი, რომელიც დონბასში შეტევის დროს იზრდება, რუსეთის არმიის ცუდმა ტაქტიკურმა კომბინაციებმა, შეზღუდულმა საჰაერო დაცვამ, მოქნილობისა და გუნდური მიდგომის ნაკლებობამ გამოიწვია. რუსეთის საზოგადოებამ წარსულში დაამტკიცა, რომ ომისგან გამოწვეული მსხვერპლის მიმართ მგრძნობიარეა. უკრაინაში მსხვერპლის ზრდასთან ერთად კი ეს ფაქტი უფრო აშკარა ხდება და შეიძლება საზოგადოებრივი უკმაყოფილებაც გაიზარდოს.

  • რუსი ნაციონალისტი მოღვაწეები (მათ შორის ვეტერანები და სამხედრო კომენტატორები) უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წარუმატებლობას აკრიტიკებენ და რუსეთს შემდგომი მობილიზაციისკენ მოუწოდებენ, რომლის განხორციელებაც კრემლს, სავარაუდოდ, არ სურს და მოკლევადიან პერიოდში არ შეუძლია.
  • ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმის ირგვლივ საჰაერო და საარტილერიო დარტყმები გაახშირეს. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შეტევითი ოპერაციების განახლებას გეგმავენ.
  • ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ოპერაციებმა სევეროდონეცკის ალყაში მოქცევის მიზნით მცირე წარმატებას მიაღწიეს.
  • უკრაინული წყაროების მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები პოპასნას ირგვლის პოზიციების გამყარებას ცდილობენ.
  • ოკუპანტები სევეროდონეცკის ალყის გასაძლიერებლად ჩრდილოეთით პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის თავდასხმების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, დონეცის დასავლეთით, მდინარე სივერსკში პოზიციების დაკავებას შეეცდებიან.
  • ოკუპანტები მარიუპოლში ფილტრაციისა და დეპორტაციის პროცედურებს აძლიერებენ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები