რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ხვალვე მზად ვართ რუსეთთან ტყვეების გასაცვლელად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში გამართულ მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინა ხვალვე მზად არის რუსეთთან ტყვეების გასაცვლელად.

ზელენსკის თქმით, საჭიროა ამ რთულ პოლიტიკურ პროცესში მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლა, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური, არ უნდა შესუსტდეს.

"ტყვეების გაცვლა ჰუმანიტარული საკითხია დღეს და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც დამოკიდებულია ბევრი სახელმწიფოს მხარდაჭერაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რა ვითარებაც არ უნდა იყოს, მთელი მსოფლიო არ ეხვეწებოდეს რუსეთს, ან დათმობაზე არ მიდიოდეს. უნდა გაგრძელონ პოლიტიკური ზეწოლა, ისე, როგორც შეუძლიათ, ძლიერი ბიზნეს კავშირებით, ბიზნესების დახურვით, ნავთობის ემბარგოთი და მუქარებით, სანქციების მუქარებით, ბიზნესების ჩამოშლით, ჩვენ აქტიურად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი ხალხის რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებზე გადაცვლა. ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები, ჩვენ მარტო ჩვენები გვჭირდება. ხვალვე მზად ვართ გაცვლისთვის". – თქვა ზელენსკიმ.

23 მაისს, უკრაინის სასამართლომ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 

უკრაინის ინფორმაციით, შიშიმარინმა ომის დაწყების პირველ დღეებში სუმის ოლქში მოკლა 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა.  

შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს. პროკურატურის ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაულების გამო მომავალში სხვა ოკუპანტებსაც გაასამართლებენ. მოსკოვი უარყოფს, რომ სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები