რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი უკრაინელ ბავშვებს: თქვენ მილიონობით მეგობარი გყავთ მთელი მსოფლიოს გარშემო

როდესაც თქვენმა პრეზიდენტმა წინა თვეში კიევი დამათვალიერებინა, ბავშვებისა და ახალგაზრდების ნაკლებობამ ქუჩებსა და პარკებში სევდა მაგრძნობინა. შემოჭრიდან მოყოლებული ბევრი თქვენგანი იძულებულიყო გახდა, სახლი დაეტოვებინა. თქვენ უკან მოიტოვეთ ოჯახები, მეგობრები, შინაური ცხოველები, სათამაშოები. მოგიწიათ თავშესაფრის ძიება მიწისქვეშა სადგურებში, შორეულ ქალაქებსა და სხვა ქვეყნებშიც კი. ვერ წარმოვიდგენ, ეს წელი რაოდენ რთული შეიძლება ყოფილიყო თქვენთვის. მაგრამ მინდა, ორი რამ გახსოვდეთ.

პირველი, თქვენ უნდა იყოთ უაღრესად ამაყები. ამაყები თქვენი ქვეყნით, თქვენი მშობლებით, თქვენი ოჯახებით, თქვენი ჯარისკაცებით და პირველ რიგში, თქვენი თავებით. ბევრმა თქვენგანმა ნახა, ან გამოსცადა ისეთი რაღაცები, რაც არცერთმა ბავშვმა არ უნდა გამოსცადოს. თუმცა, ყოველდღე უკრაინელი ბავშვები ჩვენ გვასწავლიან, რას ნიშნავს, იყო ძლიერი და ამაღლებული, რომ ურთულეს დროს თავი მაღლა გეჭიროს. არ შემიძლია, უკეთესი მაგალითი დავასახელო, სხვა ყველა ბავშვისა და ზრდასრულისთვის.

მეორე, თქვენ არ ხართ მარტო. შესაძლოა, თქვენ დაცილებული ხართ თქვენს მეგობრებს, მაგრამ თქვენ მილიონობით მეგობარი გყავთ მთელი მსოფლიოს გარშემო. აქ, გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენი სახლებიდან, ოფისებიდან, ეკლესიებიდან, მაღაზიებიდან და სათამაშო მოედნებიდან ვაფრიალებთ უკრაინის დროშებს. დაუნინგის ქუჩიდანაც კი, სადაც ფანჯრები სავსეა ბრიტანელი ბავშვების მიერ ჩამოკიდებული მზესუმზირის ყვავილებით. ჩვენი ახალგაზრდები თქვენს დროშას ხატავენ თავიანთ საკლასო ოთახებში და ლურჯ და ყვითელ სამაჯურებს აკეთებენ თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად.

როგორც თქვენს პრეზიდენტს, მეც მჯერა, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. მთელი გულით მაქვს იმედი, ერთ დღეს ძალიან მალე, თქვენ თავისუფლად შეგეძლებათ თქვენს სახლებში, სკოლებსა და ოჯახებში დაბრუნება. რაც არ უნდა მოხდეს, რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ჩვენ, გაერთიანებულ სამეფოში, არასდროს დაგივიწყებთ და ყოველთვის სიამაყით მოგიხსენიებთ მეგობრებად.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინელ ბავშვებს მიმართა. UNICEF-ის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინა 4 მილიონზე მეტმა ბავშვმა დატოვა. 

კომენტარები