აშშ-სამხრეთ კორეა

სამხ. კორეის პრეზიდენტის ოფისი: იუნ სოკ იოლმა ტრამპთან შესახვედრად გოლფში მომზადება დაიწყო

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის გოლფში მომზადება დაიწყო. ინფორმაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლები ადასტურებენ.

2019-ში, გენერალურ პროკურორად არჩევისას, იუნმა აღნიშნა, რომ გოლფი 2010 წლის შემდეგ თითქმის საერთოდ არ აქვს ნათამაშები. თუმცა, ცნობილია, რომ გოლფის თამაში ტრამპის ერთ-ერთი საყვარელი აქტივობაა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სურვილია, ურთიერთობა გააღრმავოს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. 

"ტრამპთან დაახლოებულმა ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ ჩვენ ერთმანეთს კარგად შევეწყობით" – თქვა იუნმა პრესკონფერენციაზე, მას შემდეგ, რაც ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

გოლფით დიპლომატიის წარმოების არაკონვენციური შემთხვევები წარსულშიც არსებობს. 2017-ში, ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტად ინაუგირაციის შემდეგ იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, შინზო აბე ტრამპს, ფლორიდაში მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ეწვია, სადაც მათ გოლფი ითამაშეს და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. 

ასევე,  2008 წელს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ი მიონგ ბაკი ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ქემფ დეივიდში ესტუმრა, სადაც ორმა ლიდერმა გოლფი ერთად ითამაშეს. 

 

კომენტარები