ევროკავშირი-საქართველო

CEPS: მთავრობის EU-ში წევრობის განაცხადი სიმბოლურია, სურთ პროცესის წარუმატებლობის დაჩქარება

ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ, CEPS-მა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებით კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობის ევროკავშირში წევრობის განაცხადი სიმბოლურია, სინამდვილეში მათ პროცესის წარუმატებლობის დაჩქარება სურთ.

"გარე დამკვირვებლისთვის მთავრობისა და ბატონი ივანიშვილის ზრახვები რთულად მისახვედრია. განაცხადი წევრობაზე შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკა, რათა დააკმაყოფილოს საზოგადოების იმ დიდი ნაწილი მოთხოვნა, რომელიც არჩევანს ევროპულ მომავალზე აკეთებს. ამავდროულად, პოლიტიკურ ლიდერებს, როგორც ჩანს, არ აქვთ გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულების ინტერესი და ცდილობენ, მისი წარუმატებლობა დააჩქარონ". - ვკითხულობთ კვლევაში. 

CEPS-ის თქმით, საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის საჭიროა ახალი პოლიტიკური გარემო, რომლის მთავარი მახასიათებელი დემოკრატიული კულტურა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ექნება. 

"ამ პირობებში, ევროკომისიას შეუძლია აღიაროს საქართველო ევროპული ოჯახის პერსპექტიულ წევრად, თუმცა ამ ეტაპზე გაწევრიანების პროცესის დაწყების შეთავაზება ნაჩქარევია. უნდა დაველოდოთ ახალ და უფრო ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოს საქართველოში, რომელსაც ჭეშმარიტად დემოკრატიული კულტურა და დამოუკიდებელი, ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა ექნება". - წერია კვლევაში. 

ორგანიზაცია შეეხო ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას. მათი თქმით, მაშინ როცა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობისთვის სასამართლოს მაღალი ევროპული სტანდარტი უნდა აჩვენოს, გვარამიას დაკავება დამაზიანებელია. 

"ველოდით, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის ისტორიულ გადაწყვეტილებას უნდა მოჰყოლოდა ნიშნები იმისა, რომ პოლიტიკური და სასამართლო სისტემის მაღალი ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეფორმირება საქართველოს მტკიცედ აქვს განზრახული. ამის ნაცვლად, საქართველოში ერთადერთი თვალშისაცემი ამბავი გვარამიას საქმეა, რომელიც გარდა პროვოკაციული აქტისა, მიუთითებს ხელისუფლების აშკარა მიდრეკილებაზე - გახდეს პრობლემური წევრი სახელმწიფო. რა იქნებოდა ამ ეტაპზე უფრო დამაზიანებელი ნაბიჯი, ძნელად წარმოსადგენია". - წერია კვლევაში. 

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია, ჩაერიოს მაღალი ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც პოლიტიკოსებსა და მედიის წამყვან ფიგურებს შეეხებათ. 

"პოლიტიკური რეჟიმის კიდევ ერთი შემაშფოთებელი მახასიათებელი მაღალი ინსტანციის სასამართლოს ისეთ გადაწყვეტილებებში ჩარევაა, რომლებიც პოლიტიკოსებსა და მედიის წამყვან ფიგურებს ეხებათ. საქართველოში "პოლიტიზებული მართლმსაჯულების" რამდენიმე განმეორებითი შემთხვევა დაფიქსირდა, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ღიად გააკრიტიკა". - ვკითხულობთ სტატიაში. 

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000-ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები