რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაბომბეს – დაიღუპა 13 ადამიანი

სერგეი გაიდაი

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქები, სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაბომბეს - ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს

"რუსები ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკისკენ მიიწევენ - ოლქში 60-ზე მეტი დანგრეული სახლია. სევეროდონეცკში 12 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი გორსკაიაში". - თქვა მან.

გაიდაის თქმით, დაბომბვის შედეგად დაიწვა და განადგურდა ქუჩები. თუმცა, მისივე სიტყვებით, საოკუპაციო ჯარებმა სევეროდონეცკი შტურმით ვერ აიღეს, რადგან სამხედრო პერსონალი დაკარგეს და უკან დაიხიეს. 

"თუმცა, ადგილობრივებმა იგრძნეს შეტევის შედეგები - არიან დაღუპულები და დაჭრილები, სულ მცირე, 5 მაღალსართულიანი შენობა განადგურდა". - თქვა მან.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები