ქართული ოცნება

ბოკერია წულუკიანზე: თავისუფალი სამყაროს დემონიზების ხარისხი თვეების განმავლობაში მატულობს

[წულუკიანის მიერ] ოპოზიციის დემონიზებას აღარც შევეხები, ეს იმდენად გათელილი თემაა, რომ აღარ არის აღსანიშნავი - განა პრობლემა არ არის და განა ნორმალური ვითარებაა. ივანიშვილის რეჟიმი ადრინდელი ნაბიჯებიდანვე გასცდა ამ პრობლემას და ღიად დაიწყო ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა დასავლელი პარტნიორის დემონიზება, მათ შორის, ისეთების, რომლებიც, შესაძლოა, მეორე წამს ყოფილიყვნენ ყველაზე აქტიური მხარდამჭერები, განსაკუთრებით, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საქმეში. როგორც კი ისინი რაიმე კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამდნენ, მტრები ხდებოდნენ. ეს არის ყველა ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა, იმიტომ, რომ მას სჭირდება დემონიზება ქვეყნის შიგნით საკუთარი პროპაგანდისთვის.  

ამას მეორე მხარეც აქვს - ამ ტიპის საქციელით პოზიციონირებას ახდენ პუტინის რუსეთთანაც. ეს ძალიან ჰგავს იმას, თუ როგორ უყურებს პუტინის რუსეთი, ლუკაშენკოს ბელარუსი ან იანუკოვიჩის უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებს. ზოგჯერ შეიძლება, გააკეთო განცხადებები, რომ პროევროპული ხარ, მაგრამ როგორც კი რაიმე სახით წააწყდები კრიტიკაში ბარიერს, თუ ეს არის ქვეყნის შიგნით დისკუსიის მნიშვნელოვანი საკითხი, მაშინვე იწყება ჩვეულებრივი ავტორიტარული რეჟიმების სტილში მტრად გამოცხადება. ამ ამბის ხარისხი წლების განმავლობაში მატულობდა, პერიოდულად, შეიძლება, ცხრებოდა, მაგრამ საერთო ჯამში მატულობდა და ახლა ვართ ყველაზე უფრო სახიფათო წერტილში, როცა უკვე ზღვარზეა - წულუკიანის განცხადება ხომ ეხება ამერიკის ყოფილ ელჩს, თურმე, ის მტერი ყოფილა მაშინ, როდესაც საქართველოში ელჩი იყო. რა გამოდის, როცა ის აშშ-ს ხელისუფლების პოზიციას ახორციელებდა, ის იყო მტრული საქართველოს მიმართ. განა შემაშფოთებელი არ არის, მაგრამ გასაკვირი არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ მთლიანად დადავლეთსა და აშშ-ზე საუბრობდნენ. მაგ ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წულუკიანის განცხადება კომპრომისულია - ერთი ელჩი გამოყო, რამდენიმე ადამიანი. [...] თავისუფალი სამყაროს დემონიზების ხარისხი, პუტინისტურ რეჟიმთან ღია თანამშრომლობის ხარისხი მატულობს წლების და ახლა უკვე თვეების განმავლობაში. საბოლოო ჯამში, ივანიშვილი და მისი გარემოცვა ამ კურსით თავს გაინადგურებენ, ოღონდ, ჩვენი პრობლემაა, რომ ამ თავის განადგურების დროს ჩვენს ქვეყანას აყენებენ უზარმაზარ ზიანს და მას დიდ საფრთხეს უქმნიან. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, "უცხოელთა ჯგუფი ცდილობს, ქართველ ხალხს მიჰყიდოს თავი, თითქოს ისაა თვით დასავლეთი", მისივე სიტყვებით, საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩს, იან კელის საქართველო "ძალიან არ უყვარდა".

კომენტარები