რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი: რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით კომპრომისი არ იქნება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, სიტუაციის დამშვიდების სანაცვლოდ, რუსეთთან და მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არანაირი კომპრომისი არ იქნება. არესტოვიჩის განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორია მთლიანად უნდა დატოვონ.

"შერიგების ერთადერთი ვარიანტი რუსეთის კაპიტულაცია, მათ მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანა და კომპენსაციის შესახებ საუბარია. ეს უკრაინის ხელისუფლების ლიდერების პრინციპული პოზიციაა". - ამბობს არესტოვიჩი.

მისივე განმარტებით, ასეთი პოზიცია არა მარტო პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლების სხვა ლიდერებს, არამედ დიპლომატებსა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთსაც აქვთ.

არესტოვიჩი აგრეთვე ამბობს, რომ ზოგიერთ ქვეყანას მინსკის შეთანხმების გამეორება და მათ შორის, ნებისმიერ ფასად ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფა სურს.

"არ იქნება ვარიანტი, სადაც რუსებს უკრაინაში დარჩენის უფლებას მივცემთ. ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ, რომ შეთანხმების მიღწევას შეეცადონ, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, როგორი მრავალმხრივი პროცესი მიმდინარეობს ევროპაში. ისინი ხანდახან ყოყმანობენ, რადგან ასეთია ევროპული პოლიტიკის სკოლა". - ამბობს არესტოვიჩი.

არესტოვიჩმა აგრეთვე დასძინა, რომ შესაძლოა, რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის სამმხრივ დონეზე გარკვეული თამაში მიდიოდეს. ასეთ ქცევას კი ის უცნაურ პოზიციად აფასებს.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები