რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"რუსეთის პასუხი სიურპრიზი იქნება" – ზახაროვა ფინეთის NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე

მარია ზახაროვა
RT

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი ფინეთს NATO-ში შესაძლო გაწევრიანების გამო "სიურპრიზით" უპასუხებს. მისი განმარტებით, ამაზე გადაწყვეტილება რუსეთის სამხედრო ძალებმა უნდა მიიღონ.

"ეს სიურპრიზი იქნება. ეს ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას მთელი რიგი ფაქტორებისა და იმ სპეციფიკის გათვალისწინებით მივიღებთ, თუ როგორ განვითარდება ფინეთის გაწევრიანება ნატოში. ყველა ამ პარამეტრიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღება, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს სამხედროების გადასაწყვეტია". - თქვა ზახაროვამ.


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინელ კოლეგა საული ნიინისტესთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელმაც, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს.

ამასთან ერთად, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განმარტა, თუ რატომ განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პესკოვმა ყურადღება გაამახვილა, რომ რუსეთს არ აქვს ტერიტორიული დავა არც ფინეთთან და არც შვედეთთან მაშინ, როდესაც უკრაინა "შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი, შემდეგ მოსკოვს ტერიტორიული დავა ექნება ალიანსის წევრ სახელმწიფოსთან, რაც უზარმაზარ რისკებს შეიცავს მთელი კონტინენტისთვის".

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას

ამასთან ერთად, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხს პესიმისტურად აფასებს. ერდოღანის თქმით, გაფართოებაზე წევრი ქვეყნები ერთსულოვნად უნდა შეთანხმდნენ. ასევე, მისი აზრით, საბერძნეთის NATO-ში შესვლა შეცდომა იყო.

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

კომენტარები