რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამხედრომ, რომელსაც უკრაინაში მოქალაქის მკვლელობისთვის ასამართლებენ, დანაშაული აღიარა

Viacheslav Ratynskyi / Reuters

რუსი სამხედრო, ვადიმ შიშიმარინი, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული, დანაშაულს აღიარებს. 

უკრაინის ინფორმაციით, შიშიმარინმა ომის დაწყების პირველ დღეებში სუმის ოლქში მოკლა 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა.  

შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო ასამართლებენ. პროკურატურის ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაულების გამო მომავალში სხვა ოკუპანტებსაც გაასამართლებენ. მოსკოვი უარყოფს, რომ სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ.   

შიშიმარინს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით ასამართლებენ, რაც ომის წესებისა და კანონების დარღვევას გულისხმობს. რუს სამხედროს 10-დან 15 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 

"[კაცის მოკვლამდე] კოლონამ, რომელშიც სერჟანტი შიშიმარინი იმყოფებოდა, ჩვენი [უკრაინელების] კოლონა გაანადგურა. გაქცევისას მან და კიდევ ოთხმა მებრძოლმა კერძო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ის მძღოლს წაართვეს. მოპარულ მანქანით, რომელსაც ბორბლები დაცხრილული ჰქონდა, მოსაზღვრე სოფელში შევიდნენ. მოკლული მამაკაცი სახლში ბრუნდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა. ერთ-ერთმა სამხედრომ სერჟანტს უბრძანა, მოეკლა მშვიდობიანი მოქალაქე. მან მანქანის ღია ფანჯრიდან კალაშნიკოვის ავტომატიდან რამდენჯერმე ესროლა 62 წლის კაცს თავში. ის სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ადგილზე გარდაიცვალა".- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები