რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელების წინააღმდეგობამ ოკუპანტებს მარიუპოლზე სრულ კონტროლში ხელი შეუშალა – ბრიტანეთი

უკრაინის შეიარაღებული ძალები

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები 10 კვირის განმავლობაში მარიუპოლის აღებას ცდილობდნენ, უკრაინელების წინააღმდეგობამ ოკუპანტებს მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებას ხელი შეუშალა. 

"უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ ბრძოლის დროს რუსეთმა დამატებითი ძალები გამოიყენა. მათ შორის ჩეჩნეთის ქვედანაყოფები, რომელიც, სავარაუდოდ, ათასობით ჯარისკაცს მოიცავს,  ძირითადად მარიუპოლისა და ლუგანსკის ოლქებში არიან გალაგებული.

ხსენებული ქვედანაყოფები შედგება როგორც მოხალისეებისგან, ასევე ეროვნული გვარდიის წევრებისგან, რომლებიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ერთგული არიან. გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვი განლაგებულ ჯგუფებს აკონტროლებს, ხოლო მისი ბიძაშვილი ადამ დელიმხანოვი, სავარაუდოდ, მარიუპოლში საველე მეთაურის როლს ასრულებდა.

განსხვავებული ძალების განლაგება რუსეთის პრობლემებზე მიუთითებს. ამასთან ერთად, დანაწევრებული ქვედანაყოფები რუსეთის ოპერაციების შეფერხებას განაგრძობენ". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები