რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 4 ადამიანი

ოკუპანტების მიერ ლუგანსკის ოლქის დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ლუგანკის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.  

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, 2 დაღუპული მდინარე სევერსკი დონეცის მახლობლად იპოვეს, ერთი ადამიანი ქალაქ ზოლოტოეში დაიღუპა, ერთი კი პოპასნაიაში. 

ექიმები დაბომბვისას დაშავებული 15 წლის მოზარდის გადარჩენას ცდილობენ - ის რეანიმაციაში იმყოფება. როგორც გაიდაი წერს, მოზარდმა დაზიანებები 16 მაისს მიიღო.   

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები