რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსეთში იძულებით 1.3 მილიონი უკრაინელი გადაიყვანეს, მათ შორის 223 000 ბავშვია – ომბუდსმენი

Andre Luis Alves/Anadolu Agency/Getty Images

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ცნობით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთში 1.3 მილიონი უკრაინელი იძულებით გადაიყვანეს, მათ შორის 223 000 ბავშვია. დენისოვამ საკითხი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ხელმძღვანელთან განიხილა.

"სრულმასშტაბიან სამხედრო შემოჭრამდე დიდი ხნით ადრე რუსეთის ფედერაცია ემზადებოდა უკრაინის მოქალაქეების თავის ტერიტორიაზე დეპორტაციისთვის. აგრესორი სახელმწიფოს ფედერალურ ოლქებში უკრაინელებისთვის დროებით განთავსების პუნქტების მოწყობის შესახებ დირექტივები გაიცა. მაქვს დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება მისამართებით, პასუხისმგებელი პირების გვარებით, თითოეულ პუნქტში ადგილების რაოდენობით. დღეს ადგილების 33% ჯერ კიდევ არ არის შევსებული, ამიტომ ცხადია, არ აპირებენ გაჩერებას". – წერს დენისოვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები