ოკუპირებული ცხინვალი

საპატრიარქო: რუსეთის პატრიარქის მიერ გაგლოევისთვის გამარჯვების მილოცვა ვითარებას ართულებს

ალან გაგლოევი
TASS

საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის ახლად არჩეული მარიონეტი ლიდერის, ალან გაგლოვისთვის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მიერ გამარჯვების მილოცვას. საპატრიარქო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს და მსგავსი ნაბიჯები ართულებს არსებულ ვითარებას.

"მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი, ე.წ. არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი  ბადებს გაუგებრობას, რადგან:

  • ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
  • ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს  საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად.

სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია,  იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას". – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი 8 მაისს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო შედეგების თანახმად პარტია ნიხასის ლიდერი, ალან გაგლოევი გახდა. მოქმედმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა. გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება.

კომენტარები