ქართული ოცნება

"სიმბოლურია, თამარ მეფის ხსენების დღეს ფუძნდება" – ოცნებამ ქალთა ორგანიზაცია დააარსა

ქართულმა ოცნებამ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. დამფუძნებელი კონფერენცია პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა - მისი თქმით, ორგანიზაციის მიზანი პარტიის ქალი წევრების პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, პარტიის ქალ წევრებს შორის კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების ახალი ინსტრუმენტების შექმნა, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობებში ქართული ოცნების ქალი წევრების როლის გააქტიურება იქნება. 

"დღეს თამარობაა, თამარ მეფის ხსენების დღე. მეფისა, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართული სახელმწიფოსა და ქართული კულტურის ოქროს ხანა და რომელიც ქართულმა ეკლესიამ, სამშობლოსა და სარწმუნოების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის გამო, წმინდანად შერაცხა. ყველას გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს! 

სიმბოლურია, რომ ჩვენი პარტიის - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ქალთა ორგანიზაცია სწორედ ამ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს ფუძნდება. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ქალები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ. მხოლოდ იმის ხსენება რად ღირს, რომ საქართველო ქრისტიანობას სწორედ ქალმა, წმინდა ნინომ აზიარა. სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადების ყველაზე თავგანწირული მაგალითიც ქალის სახელს, წმინდა ქეთევან დედოფალს უკავშირდება. 

[...] პოლიტიკაში ქალების აქტიურ მონაწილეობას, დამეთანხმებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამისათვის, ჩვენმა პარტიამ გასული წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გენდერული კვოტების შემოღება, რომლის საფუძველზეც როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მუნიციპალურ საკრებულოებში ქალების წარმომადგენლობა არსებითად გაიზარდა. თუმცა, გვესმის, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების კიდევ უფრო აქტიური როლის უზრუნველსაყოფად მეტია გასაკეთებელი". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები