რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტების 18 შეტევა მოვიგერიეთ

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით ვითარება რთული, თუმცა კონტროლირებადია.

"სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. მტერი საბრძოლო ავიაციას, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, მსხვილკალიბრიან არტილერიას, ტანკებსა და ნაღმტყორცნებს იყენებს. ანადგურებს საოფისე შენობებს, საავადმყოფოებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს". - წერია ანგარიშში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რთული ვითარების მიუხედავად, დონბასში უკრაინის ქვედანაყოფები ეფექტური წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობენ და გასული დღე-ღამის განმავლობაში 18 შეტევა მოიგერიეს. 

"განადგურებულია 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა, 27 ერთეული ჯავშანტექნიკა და სპეციალური საინჟინრო ტექნიკა. ამასთან ერთად, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 ვერტმფრენი და 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს". - წერია განცხადებაში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები