თსუ

თსუ: 13 მაისიდან სწავლა ჰიბრიდული, ანუ შერეული ფორმატით წარიმართება

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ  2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრში 13 მაისიდან სწავლა ჰიბრიდული, ანუ შერეული ფორმატით წარიმართება. 

თსუ-ს რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

თსუ-ში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა, რასაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. ისინი ითხოვდნენ, რომ მიმდინარე სემესტრი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებულიყო. სტუდენტებმა აქციებიც გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ ბინების ფასმა მოიმატა და მცირე დროში ქირაობას ვერ ახერხებდნენ. 

11 აპრილს თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტს განათლების სამინისტორმაც მიმართა და ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლისკენ მოუწოდა. 

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა – უზრუნველყოს სტუდენტურ საცხოვრებელში თავისუფალი ადგილების ათვისება, მათი განთავსება და 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულება.

მოგეხსენებათ, უნივერსიტეტები საკუთარი ავტონომიურობის ფარგლებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით თავადვე იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმალურად გაითვალისწინებს სტუდენტების მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს".- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები