რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს დაზვერვის დირექტორი: პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

ავრილ ჰეინსი
The New York Times

აშშ-ს დაზვერვის დირექტორის, ავრილ ჰეინსის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება და მიზნების მიღწევა მას დონბასის რეგიონის მიღმაც სურს.

"ჩვენი შეფასებით, პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება, რომლის განმავლობაშიც კვლავ აპირებს, მიზნებს დონბასის მიღმაც მიაღწიოს". – თქვა ჰეინსმა. 

აშშ-ს დაზვერვის დირექტორმა ჩამოთვალა ვლადიმირ პუტინის მოკლევადიანი სამხედრო მიზნები, რომელთა შორის, შესაძლოა, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთამდე გასვლაც იყოს.

"ჩვენი შეფასებით, პუტინის სტრატეგია, სავარაუდოდ, არ შეცვლილა. სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებას, რუსული ძალების ფოკუსირება დონბასზე მოეხდინა, აღიქვამს როგორც დროებით ცვლილებას, რათა დაიბრუნოს უპირატესობა, მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა ვერ შეძლეს კიევის დაკავება. ამჟამინდელი მოკლევადიანი სამხედრო მიზნები არის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაკავება ბუფერულ ზონაში და უკრაინის ძალების ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დონბასის დასავლეთიდან ალყაში მოქცევა, რათა გაანადგუროს ყველაზე ქმედითუნარიანი და კარგად შეიარაღებული უკრაინული ძალები, რომლებიც აღმოსავლეთში ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად იბრძვიან; [მოკლე ვადიანი მიზანია] ყირიმიდან დონბასამდე შექმნილ სახმელეთო ხიდზე კონტროლის კონსოლიდაცია, ხერსონის ოკუპაცია და ყირიმისთვის წყლის მომარაგების ჩრდილოეთით მყოფი წყაროს გაკონტროლება.   ასევე ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთის ჯარს სურს, გაიყვანოს სახმელეთო ხიდი დნესტრისპირეთამდე". – აღნიშნა აშშ-ს დაზვერვის დირექტორმა.

თუმცა, როგორც ავრილ ჰეინსმა ხაზი გაუსვა, მოკლევადიანი მიზნების შესრულება რუსეთს მობილიზაციის გამოცხადების გარეშე არ შეეძლება.

"მაშინ, როცა რუსეთის ძალებს მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ, შეუძლიათ ამ მოკლევადიანი მიზნებიდან უმეტესობის შესრულება, გვჯერა, რომ ისინი, მობილიზაციის რაიმე სახის გარეშე, ვერ შეძლებენ კონტროლის დამყარებას სახმელეთო ხიდზე, რომელიც გაიწელება დნესტრისპირეთამდე და მოიცავს ოდესასაც. უფრო მეტად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლონ მათ სასურველ ორივე ოლქსა და ბუფერულ ზონაზე მომდევნო კვირებში კონტროლის დამყარება". – თქვა ჰეინსმა.

ჰეინსის თქმით, პუტინს არასწორი წარმოდგენები აქვს საკუთარ ამბიციებსა და რუსეთის ამჟამინდელ კონვენციურ სამხედრო შესაძლებლობებზე. მან ასევე დაამატა, რომ მომდევნო თვეებში რუსეთის პოლიტიკა, შესაძლოა, უფრო მოულოდნელი და ესკალაციური გახდეს.

"ახლანდელი ტენდენცია ზრდის შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტი პუტინი მიმართავს უფრო სერიოზულ ხერხებს, საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ინდუსტრიული წარმოების რეორიენტაციისა და პოტენციურად ესკალაციური სამხედრო მოქმედებების ჩათვლით, რათა გაათავისუფლოს რესურსები, რომლებიც მიზნებისთვის სჭირდება, თუ კონფლიქტი გაიწელება, ან ის ჩათვლის, რომ რუსეთი უკრაინაში მარცხდება". – დაამატა აშშ-ს დაზვერვის დირექტორმა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

პარალელურად, დაძაბულობა იზრდება მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.

კომენტარები